თეგი: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

13 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, სამი პირი, მათ შორის უცხოეთის მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანახმად, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების გზით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, დაკავებული სამი პირი, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე. სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ დანაშაული სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საქართველოში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიის დაახლოებით 13 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, გააყალბეს საზღვარგარეთ მოქმედი ნოტარიუსის სახელით დამოწმებული მინდობილობა, რომლითაც კომპანიის დამფუძნებელი თითქოსდა აძლევდა ერთ-ერთ ბრალდებულს უფლებამოსილებას მისი წარმომადგენლობის თაობაზე. „აღნიშნული ყალბი მინდობილობის გამოყენებით, ბრალდებულებმა იუსტიციის სახლში წარადგინეს განცხადება, რომლითაც მოითხოვეს კომპანიის სადამფუძნებლო კაპიტალის, მათივე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრზე გადაფორმება და დირექტორის ცვლილება, რაც ვერ განახორციელეს საგამოძიებო სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კოორდინირებული მოქმედებების შედეგად. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

პასუხისგებაში მისცეს პირები, რომლებიც ვადაგასულ შოკოლადებს ჰყიდდნენ - საგამოძიებო სამსახური

ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის რეალიზაციისა და ჯგუფურად, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული მოძრავი ნივთის გადმოტანის ფაქტზე პასუხისგებაში მიეცა ორი პირი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ გამოძიების თანახმად, ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სხვადასხვა დასახელების უცხოური წარმოების ვადაგასულ შოკოლადს აკრავდნენ ახალი ვადის აღმნიშვნელ სტიკერებს, რის შემდეგაც ის რეალიზაციის მიზნით, თბილისის სავაჭრო ქსელში მიჰქონდათ. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავაჭრო ობიექტებიდან ამოღებულია ბრალდებულების მიერ რეალიზებული დიდი ოდენობით ვადაგასული შოკოლადი, რომელიც შეიცავდა ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ მიკრო ორგანიზმებს. გარდა ზემოხსენებულისა, დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანით გადმოიტანეს დაახლოებით 85 000 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული, სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქტი, რომელიც ასევე ამოღებულია საგამოძიებო მოქმედებების შედეგად. აღნიშნული ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე და 214-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთით 8-დან 11 წლამდე ვადით,” - ნათქვამია ინფორმაციაში.  

შშმ პირთა ერთ-ერთი აიპი-ს ხელმძღვანელები ქონების გაფლანგვის ფაქტზე ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ერთ-ერთი აიპი-ს ხელმძღვანელები, 2021-2022 წლებში, საწარმოს წესდების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, რომლითაც მათ ევალებოდათ კეთილსინდისიერად გაძღოლოდნენ ორგანიზაციის საქმიანობას და ქონება გამოეყენებინათ მხოლოდ საწესდებო მიზნებისათვის, მიიღეს გადაწყვეტილებები, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგეს 452 187 ლარის ღირებულების, დიდი ოდენობით მოძრავი ქონება. ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, საზოგადოების ხელმძღვანელობის პერიოდში, მიიღეს ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საზიანო გადაწყვეტილებები, რომლის შედეგად, აიპი-ს უძრავი ქონება გადაეცა სხვა იურიდიულ პირებს, რამაც ჯამში გამოიწვია 3 005 189 ლარის ოდენობის ზიანი“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ავტობუსში მოწყობილი სამალავით 535 000 ლარის ოქრო შემოიტანეს, დაკავებულია 1 პირი - საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილია საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი, რაზეც დაკავებულია ერთი პირი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დანაშაული სასჯელის სახით 5-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მის კუთვნილ ავტობუსში მოწყობილი სპეციალური სამალავით, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საქართველოში შემოიტანა არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის საიუველირო ნაკეთობები. გამოძიების ამ ეტაპზე ავტობუსში აღმოჩენილია და ამოღებულია 5 კილოგრამზე მეტი ოქროს ნაკეთობები, სავარაუდო ღირებულებით 535 000 ლარი. გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ავტობუსში სხვა შესაძლო სამალავების აღმოჩენისა და დამატებით კონტრაბანდული ძვირფასეულობის ამოღების მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით,“ - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.